პარკეტი

  ლაქი და ზეთი

  ციკლოვკა

  599 695964

მუხა ქართულ ლიტერატურაში

პაწაწინა რკომ ხეზე თავი ვეღარ შეიმაგრა, ადგილიდან მოსწყდა და მიწაზე დავარდა. ციყვმა ის უმალ მიწაში დამალა, თუმცა შეჭმა დაავიწყდა.

acorn-3700512_1280

რკო გაღვივდა, მიწიდან მალულად ამოყო თავი. წლების შემდეგ კი ის დიდებულ მუხად იქცა, რომელიც ტყეში განსაკუთრებულად იწონებდა თავს, ადამაინები კი საუკუნეების განმავლობაში ეთაყვანებოდნენ.

მუხა, რომელიც ხშირად მოიხსენიება ისტორიულ წყაროებში, მითებში, ლიტერატურულ ნაწარმოებებში, თურმე ათ საუკუნეზე მეტს ცოცხლობს.

oak-tree-2018822_12805e8266e9a48e3

მუხა სიძლიერის, სიმტკიცის, სიცოცხლის სიმბოლოა. ალბათ სწრედ ამიტომ გახდა ის არაერთი ლექსის თუ მოთხრობის მთავარი გმირი. თუმცა, გვინდა  უფრო შორიდან დავიწყოთ და ჯერ იმ ლეგენდებზე და თქმულებებზე მოგითხროთ, რომელიც უძველეს საქართველოში არსებობდა მუხის შესახებ.

mymarket-glimtrex
 თემის სპონსორია გლიმტრექსი - პარკეტის ლაქი და ზეთი მყარი ცვილით გერმანიიდან

 

ლეგენდები და თქმულებები მუხის შესახებ

ჩვენ ხელთ არსებული უძველესი წერილობითი თუ ზეპირი წყაროებით ირკვევა, რომ წარმართულ საქართველოში დიდი ადგილი ეკავა საკრალურ ხეს და მასთან დაკავშირებულ რწმენას, წარმოდგენებს. ხის, ამ შემთხვევაში კი მუხის თაყვანისცემაზე მიგვანიშნებენ საქართველოში არსებული სხვადასხვა რაიონის, დასახლების სახელწოდებებიც, მაგალითად მუხნარი, მუხათწყარო, რკონი,  კოჯორი ანუ რკო-ჯვარი, ჭყონდიდი. (ჭყონი მეგრულად მუხას ნიშნავს, ჭყონიერი - ძლიერს). საქართველოში არსებულ წმიდა ხეთა შორის ყველაზე მეტად სწორედ მუხის თაყვანისცემა იყო გავრცელებული.

მუხის ხის კულტზე მეტყველებს წყალტუბოში არსებული ერთი წეს-ჩვეულება, რომლის თანახმადაც, 15 აგვისტოს მოსახლეობა მიდიოდა  მუხის ხესთან, სხვადასხვა შესაწირავი მოჰქონდათ და იმართებოდა ლხინი.

მუხის ხეს ეთაყვანებოდნენ  სოფელ მატანის, იგივე მარალისის მცხოვრებნიც. სოფლის შუაში მდგარა ერთი ძირი მუხის ხე, რომელზეც სოფლის მოსახლეობა  სხვადასხვა ფერისა და ზომის ნაჭრებს კიდებდა. ცოტა მოგვიანებით, ამავე სოფლის მცხოვრებლებს მუხის ირგვლივ გალავანი აუშენებიათ და კურატებიც კი უკვლიათ მის პატივსაცემად.

არსებობს ერთი საინტერესო თქმულება, რომლის მიხედვითაც, მე-16 საუკუნეში, ფშავში, ლაშარის სალოცავში,   ხატის კარზე ამოსულა  ,,ბერ-მუხა", რომელიც ფშაველთა ლაშქარს მფარველობდა. ამის გამო ზურაბ არაგვის ერისთავი ვერ სძლევდა ფშავლებს და ვერ იმორჩილებდა მათ. ზურაბს სცოდნია, რომ სანამ ლაშარის ბერ-მუხას არ მოჭრიდა, მთიელებს ვერ დაამარცხებდა. მას ბევრჯერ უცდია მუხის მოჭრა, მაგრამ საწადელისთვის ვერ მიუღწევია. მუხას მოჭრის დროს რამდენ ნაფოტსაც ააგდებინებდნენ, იმდენი ისევ ზედ ეკვროდა, მაგრამ ზურაბს მოღალატე ფშავლის დახმარებით მუხა მაინც მოუჭრია. მისთვის კატის სისხლი წაუსვამთ, რის გამოც მუხის მფარველი ანგელოზი ზეცაში გაფრენილა და მუხას უძლეველობაც დაუკარგავს, რაც  ფშაველთა დამარცხების მიზეზი გამხდარა.

muxa1

მუხა ფოლკლორში

ზურაბ არაგვის ერისთავის მიერ საკულტო მუხის მოჭრის ამსახველი ცნობა ფოლკლორმაც შემოგვინახა:

 

„ბებერსა ლაშარის ჯვარსა

 ხმელ გორზედ ედგა ბერ-მუხა,

 წვერს ება შიბი ოქროსი,

 ზეცას წავიდეს კიბითა,

 სულმა ერისთვისშვილმა

 ამოაბრუნა ძირითა. . .

 მინამდე იმის ძე არის,

 ის ამოაგდებს ჭირითა!“.

 

მუხის თაყვანისცემის კვალი გვხვდება ხალხურ სიმღერაში - „მუმლი მუხასა“, რომლის რამდენიმე განსხვავებული ვარიანტი არსებობს. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, „მუმლი მუხასა“ უძველესი წარმართული სიმღერაა. ვახტანგ კოტეტიშვილის აზრით კი, ესაა მუხის თაყვანისცემის ამსახველი ჰიმნი, რომელიც ეძღვნებოდა მოსავლიანობას და ნაყოფიერებას. სიმღერის კახურ ვარიანტში, რომელიც კოტეტიშვილს ჩაუწერია, აღწერილია მხოლოდ მუმლისა და მუხის „ორთაბრძოლა“, მუმლი გარს ეხვევა მუხას, ვნებს, მაგრამ მუხა მაინც არ ნებდება, არ ხმება...

 

„მუმლი მუხასაო გარს ეხვეოდაო,

მუხა დამძიმდაო, წყალში ჩავარდაო,

წყალი შეგუბდაო, ნაპირს გადვიდაო,

მუმლი შეწუხდაო, მალე დაიხრჩვაო,

მუმლი დაიხრჩვაო, მუხა გადარჩაო“.

 

ადვილად წარმოსადგენია, მუმლი საქართველოს მტრებად  მოიაზრებოდეს, მუხა კი საქართველოდ, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში, ბევრი მცდელობის მიუხედავად მტერმა ვერაფერი დააკლო. ჩვენც ვფიქრობთ, მუხის, როგორც ძლიერი ხის შედარება საქართველოსთან  უსაფუძვლო არ უნდა იყოს.

vicavt
თუ ლიტერატურა გიყვარს-  გლიმტრექსი - პარკეტის ლაქი და ზეთი მყარი ცვილით გერმანიიდან

მუხა ლიტერატურაში

მუხის სიდიადე და სიწმინდე, რა თქმა უნდა, არც დიდებულ ქართველ ავტორებს გამორჩებოდათ. ამიტომ ჩვენი გამოჩენილი პოეტებისა და მწერლების შემოქმედებაშიც შეიძლება მოვიძიოთ მუხისადმი მიძღვნილი სტრიქონები.

შესანიშნავი ლექსი მიუძღვნა დიდმა გალაკტიონ ტაბიძემ ამ საოცარ ხეს, სადაც მის სიდიადეს და მარტოსულობას გაუსვა ხაზი.

 

„მუხა პირველი იგრძნობს ალიონს

და პირველ სალამს განთიადისას,

ამაყად გასცქერს მთას კავკასიონს,

მეფურ დუმილით დაჰყურებს მიწას.

 

მუხა პირველი მეხს ეგებება,

შეუშფოთებელ და მძლავრ რტოებით,

შეუშფოთებლად და მძლავრად კვდება,

ველზე მდგომარე განმარტოებით“.

 

როგორც ჩანს, გალაკტიონი გულგრილი არ იყო ამ დიდებული ხის მიმართ, რადგან მის შემოქმედებაში ეს ერთადერთი ლექსი არ არის, რომელიც მუხას ეძღვნება. მის კალამს უკუთვნის ლექსი „მუხები“, სადაც მუხა არა მარტო სიძლიერის, არამედ ბედნიერი მომავლის სიმბოლოცაა.

 

„ვაზები გახმა, აღარ მოაქვს ნაყოფი ხეხილს,

გადაუვლია აქაც ქარტეხილს.

მაგრამ შეხედე: ძველისძველი დგანან მუხები,

რაც ბერდებიან, ემატებათ თითქო სიახლე.

მომავლისათვის სიახლე აქვთ ხელშეუხები -

ახალ ქართათვის აგებული მძლავრი სასახლე“.

 

არ შეიძლება არ ვახსენოთ გოდერძი ჩოხელი, რომელმაც მკითხველს თავი არაერთი ნაწარმოებით დაამახსოვრა. ეს ნაწარმოებები ადამიანში მუდამ სევდიან, მაგრამ სასიამოვნო განწყობას აღძრავს. ასეთია „ნამეხარი მუხა“, რომლის შესახებაც მწერალს ფილმიც კი გადაუღია.

 

„ცას უყვარს მიწა!..

ცას ქორწილი აქვს!..

შავი ქორწილი...

მოდის, მოდის... მძიმედ, მძიმედ მოიწევს მიწისაკენ და...

გავარდა მეხი!

რაღაც არაამქვეყნიურმა ჟრუანტელმა დაუარა მთელ ხეობას.

შავი კვამლი ავარდა მუხის გულიდან. მერე იმ კვამლში ცეცხლის ყვითელი ენა ამოიწია და საკუთარმა ცეცხლმა შეტრუსა მუხის ფოთლები.

დამწვრის სუნი შეერია დამძიმებულ ჰაერს. ირგვლივ ყველაფერი იყო მქისე, შავად მოღუშული. მარტო მუხის ტოტებიდან გამოჩნდა ცეცხლისფერი ენა, რომელიც შიგნით, ხის გულმკერდში ლახვარივით გრიალებდა და გამოსავალს ეძებდა.

იწვოდა მუხა.

ცას უყვარდა დედამიწა და ქვემოთ ჩამოსული, მდუღარე ცრემლებით ტიროდა.

წვიმდა. მუხას თანდათან ედებოდა ცეცხლი და იწვოდა.

მერე თანდათან იმძლავრა წვიმამ და რა ტირილით გული იჯერა, შემსუბუქებულმა ცამ ისევ ნება-ნება აიწია ზემოთ, ამაღლდა-ამაღლდა და თავის ადგილას დაჯდა. პირდაბანილ ცაზე მზემ გამოიხედა და ჩასასვლელად გამზადებულმა გაიღიმა.

თანდათან გაწვრილდა მუხის გულიდან ამონადენი კვამლი. გაწვრილდა, გაწვრილდა და გაწყდა.

გაწივდა...

შავად გამოიხედა გულმკერდგამომწვარმა ხემ.

ერთი შავი მაყარი კიდევ მიემატა გუდამაყრის ხეობას.

მთელი ზამთარი აკრთობდა შორეული ზეცის სიმარტოვიდან მოსულ თეთრ თოვლს მუხის სიშავე.

ხანდახან მონადირეებისაგან დამფრთხალი კურდღელი შეაფარებდა ხოლმე გამომწვარ მუხაში თავს და ფეთქავდა, შეშინებული და განაბული.

მუხას მართალია ეძინა, მაგრამ საზარელ ხილვებში იყო წასული. სტკიოდა გამომწვარი ტანი. გრძნობდა, რომ რაღაცა ფეთქავდა მის შიგნით და გული ეგონა. რას მოიფიქრებდა, რომ კურდღელი იყო. მერე ის ფეთქვაც თანდათან სუსტდებოდა და იკარგებოდა. დამშვიდებული კურდღელი, ხტუნვა-ხტუნვით ჩარბოდა სოფლისაკენ. ყურები ზურგზე ჰქონდა გადაკიდებული.

მთელი ზამთარი ასე იყო. მერე თანდათან გაიღვიძა მიწამ. გაიღვიძეს ხეებმაც. ქალწულებივით მოქნეულ ტოტებზე დასკდნენ კვირტები. ჭრელი ჯუბა მოქსოვა გაზაფხულმა.

მუხის ფესვებში ჯერ ენძელამ ამოიხედა და ისე მოეწონა ცის ტაბლაზე გაჩახჩახებული მზე, თვითონაც ყვითლად გაიცინა.

მერე ლურჯთვალა იებმა მიმოაბნიეს მიდამო. ისინიც რიდით შეჰყურებდნენ მათ თავზე წამოყუდებულ მუხას და ლურჯი მხრებით კანკალებდნენ.

- თქვენ ნუ გეშინიათ, პატარებო, ცა თქვენ არაფერს გერჩით. გაიშალენით, გაიშალენით... რისი გეშინიათ, თქვე პატარებო, თქვენა!“.

ალბათ ყველაზე დიდი იმედის მომცემია სიტყვები, რომლითაც გოდერძი ჩოხელი მოთხრობას ამთავრებს. ამ დროს ხვდები, რომ სიცოცხლე, თავისუფლება, სიყვარული ყველაზე დიდი საჩუქარია, რაც ადამიანს ხვდა წილად.

„ამ ქვეყანაზე მოუსვლელობაა უბედურება, თორემ, რაკიღა მოხვედით, ნუღარაფრისა გეშინიათ. ისეთს რას წაგართმევთ გამჩენი, რაც თვითონ არ მოუცია... ამ საწუთროს, თუნდ ერთი წუთით, თუნდ ერთი წამით მაინც ეყოფა საგზლად თქვენი სუნთქვა. თქვენ ღირსნი ხართ თავისუფლების...

ჩამოსძახოდა ლურჯთვალა იებს ნამეხარი მუხა.

გუდამაყრის ხეობაში გაზაფხული იდგა“.

 

რასაკვირველია, უნდა ვახსენოთ რევაზ ინანიშვილის მოთხრობამუხა“, სადაც ავტორმა დაგვანახა, თუ როგორც ცუდად და დაუნდობლად ვექცევით ხშირად ადამიანები გარე სამყაროს, ერთმანეთს. მოთხრობის შესავალში ვხედავთ ტყის პირას მგდომ დაღლილ, დაკოჟრილ, ბებერ მუხას, რომლის წარმოდგენის დროს ჩვენი რომელიმე მოხუცი ახლობელი, ბებია, ბაბუა გვახსენდება. ნაწარმოებით კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს ავტორი, რამდენად გულისხმიერები ვართ ჩვენი მოხუცების მიმართ. რას ვაკეთებთ გულით, სიყვარულით და რას მოვალეობის მოხდის მიზნით.

 

 

„ეს მუხა ტყის პირას დგას, – ბებერი, ჯმუხი, ტანდაკოჟრილი, ფოთლებშეთხელებული. აღარც ჩრდილს იფენს, აღარც რკოს ისხამს. იშვიათად თუ ეწვევა ვინმე, – ადამიანი, ცხოველი თუ ფრინველი. საუკუნეებით დაღილს, გაწამებულს ხანდახან ქორი თუ მოებმება ხმელ კენწეროზე, ისიც უძრავი, მრისხანედ მიშტერებული ველისკენ: ხანდახან კოდალა თუ მოინახულებს; სწრაფად, უგულოდ შემოუფრენს ირგვლივ, თითქოს ვალდებულების მოსახდელად ორიოდეჯერ დაჰკრავს ნისკარტს, – კივკივო! – ანუგეშებს და გაფრინდება სხვა ხეებისკენ. ციყვებმაც კი მიატოვეს და წავიდნენ“.

 

 muxa

სამწუხაროდ, ხშირად საკუთარი კეთილდღეობისავის ადამიანები ერთმანეთს წირავენ და არც ფიქრდებიან იმაზე, თუ რამხელა ტკივილს აყენებენ ერთმანეთს. რევაზ ინანიშვილი საოცარი სიტყვებით მიგვანიშენებს ადამიანის ამ მანკიერ ქცევაზე.

 

 

„ამ რამდენიმე წლის წინათ მუხის მეზობლად, ლამაზი თელის ძირში, მონადირეებმა შეისვენეს. დაანთეს ცეცხლი, გაშალეს სუფრა, დაიწყეს პურობა და სმა. ცოტა რომ შეზარხოშდნენ, აყაყანდნენ: არა მე გჯობივართ სროლაში, არა მეო. ერთი მონადირე წამოდგა და თქვა: – აი, ბურთი და აი, მოედანი! – მუხის დიდ კოჟრზე ასანთის კოლოფი დასვა, – ვესროლოთო. ზოგი ფეხმორთხმული ისროდა, ზოგი – წაწოლილი. სიცილით გაშვებული ტყვიები წივილით ესობოდნენ მუხას, სიმწრის ნაფლეთები გულხეთქებით ცვიოდა აქეთ-იქით. მონადირეები რომ წავიდნენ, ქარი ამოვარდა, მუხის სველი ჭრილობა მიწით ამოივსო“.

 

 

ყველაზე გასაოცარია, თუ როგორ მთავრდება ნაწარმოები, თუ როგორ მოიქცა ასაკში შესული მონადირე, რომელიც შვილიშვილთან ერთად მივიდა მუხის ხესთან.

 

„გამოხდა ხანი, – თვეები, წლები. და, აი, წლეულს, გაზაფხულზე, ის მონადირე, ასანთის კოლოფი რომ დასვა მუხაზე, უკვე ჭარმაგი, პატარა შვილიშვილთან ხელჩაკიდებული, ისევ მოხვდა ამ ადგილებში.

მუხის ნაჭრილობევში მთელი ბღუჯა ია ამოსულიყო და ჟრიამულით ყვაოდა.

მონადირის შვილიშვილმა, ლამაზმა, ყურებსიფრიფაა გოგონამ, აღტაცებულმა ჩაიმუხლა, მუხას ხელები მოხვია და მიეხუტა.

მონადირემ უყურა, უყურა, მერე ქუდი მოიხადა და თავდახრილი გაჩერდა“.

 

შეუძლებელია, არ ვახსენოთ რამდენიმე საოცარი ლექსი ქართული ლიტერატურიდან:

 

ნოდარ დუმბაძე:

nodar3455e82655b70d16

“იმ უღრან ტყეში გამვლელი თუ ხარ

და ყურს თუ უგდებ ხეთა კაეშანს,

ნახავ დიდ მუხას, ასწლოვან მუხას,

ტახის ნაეშვარს.

იმ უღრან ტყეში გამვლელი თუ ხარ,

ნახავ, ტოტები რა ძირს დაეშვა,

უყურებ მუხას,

უყურებ, სწუხხარ...

უყურებ დიდხანს, ვით ცხოვრებას

შენსას ნაეშვარს.

იმ უღრან ტყეში გამვლელი თუ ხარ

და თუ ოცნების აფრა დაგეხა,

თავს შეადარებ ნაეშვარ მუხას,

მუხას,

ნამეხარს”.

 

საოცარია ასევე მურმან ლებანიძის ,,შავ კორტოხზე შავი მუხა......"

20-murman-lebanidzis-portreti

 

„ცად ღრუბელმა დაიქუხა,

ეს- აპრილი ბრძანდება...

შავ კორტოხზე შავი მუხა

დგას და ნელა მწვანდება.

ღრუბლის ფთილა რომ არ ჩანდა

დამზე ენთო ზღაპრულად,

დაჰკრა წვიმამ, ურიცხვ სიმად

წამოვიდა შხაპუნა

ცამ ღრუბელი ჩაიმუხა-

ჰქუხს წვიმა და მძლავრდება,

შავ კორტოხზე შავი მუხა

დგა და ნელა მწვანდება.

ირგვლივ შავი ხნულებია

და სივრცეა ტრიალი,

ხნულებს წვიმა სწყურებია

გაჰქუხს წვიმა მატყუარა

და ფარ-ხმალი დაყარა

მზემ სამზეოს მოაღწია-

ნახნავი და ნათესი

ყველაფერი მოაქცია

თავის ოქროს ბადეში.

ცისკიდურზე ჩაიმუხლა,

თავის ტახტზე ბრძანდება...

შავ კორტოხზე შავი მუხა

დგას და ნელა მწვანდება“.

 

ძირძველ მუხას ადრებს პოეტი ნანა მეფარიშვილი მრავალ ჭირგამოვლილ საქართველოს, რომელიც ყოველთვის ღირსეულად ხვდებოდა მტერს და ფარ-ხმალს არასოდეს ყრიდა.

 

„არ შემიტოკდე, არ წამექცე ძირძველო მუხავ,

შენს თითო ფესვზე თითო პაპის ძვალი ჰკიდია,

ავის მკადრებელთ საკადრისი პასუხი უთხარ,

ცდილობენ მაგრამ შენ ვერასდროს ვერ გაგყიდიან.

 

იფეთქე კვლავაც ამოყარე ფოთლები უხვად,

აგვიშრიალდი, დავეჩვიეთ შენგან გმირობას,

თუ სადმე გტკივა, მე მოგირჩენ ბებერო მუხავ,

ჩემს ცოდვილ სხეულს დავაფარებ გახსნილ ჭრილობას“.

 

ალბათ დაუსრულებლად შეიძლება გავაგრძელოთ, ქართულ ლიტერატურაში ვერ ამოვწურავთ ლექსს, ჩანახატს თუ მოთხრობას, სადაც მუხის შესახებ ისმის ქება-დიდება. 

 oak-leaves

მადლობა, რომ გვსტუმრობთ და გიყვართ ლამაზი სიტყვა. დაგვიტოვეთ კომენტარი, მოგვწერეთ რომელი ნაწარმოები მოგწონთ ყველაზე მეტად. თავადაც ხომ არ დაგიწერიათ ლამაზი რამ მუხაზე? 

წაიკითხეთ სხვა სტატიები ჩვენს ბლოგში თუ მოისურვებთ. და ერთად დავიცვათ ის, რაც ფეხქვეშ ითელება...

vicavt

წარმატებებს გისურვებთ გლიმტრექს საქართველო

Glimtrex-Logo

 

გთხოვთ შეიყვანოთ სიმბოლოების კომბინაცია ველში

* მონიშნული ველების შევსება აუცილებელია. მადლობა რომ გვსტუმრობთ

დაკავშირებული პროდუქტი
ფაბია
რუსტიკი
14/3 x 190 x 1900 მმ
ბრაშირება
რელიეფური
გირჩევთ